ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალადობის შესაჩერებლად გასატარებელი ზომები გამოაცხადა - ქუჩებში მეტი პოლიციელი განთავსდება
ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალადობის შესაჩერებლად გასატარებელი ზომები გამოაცხადა - ქუჩებში მეტი პოლიციელი განთავსდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალადობის შესაჩერებლად გასატარებელი ზომები გამოაცხადა.

ზომების შესახებ პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომელზეც განიხილებოდა პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული არეულობები.

ემანუელ მაკრონს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. მისი განცხადებით, ქუჩებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო მეტი პოლიციელი განთავსდება. მან მშობლებს მოუწოდა, მოარიდონ შვილები არეულობებს და არ გაუშვან სახლებიდან.

პრეზიდენტის თქმით, ძალადობის გაღვივებაში წვლილი ასევე მიუძღვის სოციალურ ქსელებს, ამიტომ მისი თქმით, ხელისუფლება მოითხოვს „ყველაზე სენსიტიური“ კონტენტის წაშლას. მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „მიუღებელი და გაუმართლებელი“ უწოდა.

როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, მოზარდის სიკვდილს ინსტრუმენტად იყენებენ. მან დაგმო არასრულწლოვანის სიკვდილის გამოყენება. მისი თქმით, ეს მიუღებელია.