ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არ შეცვლის პოზიციას ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა. როგორც ისრაელის მედია წერს, საუბარში ნეთანიაჰუმ მაკრონს განუცხადა, რომ ირანის ტერორისტული ღერძის წინააღმდეგ, ისრაელი მეგობარი სახელმწიფოებისგან ელოდება მხარდაჭერას და არა შეზღუდვებს.
ისრაელის პრემიერმა ემანუელ მაკრონთან აღნიშნულის თაობაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც საფრანგეთმა ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვას დაუჭირა მხარი.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმები ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფების წინააღმდეგ, სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს.
თავის მხრივ, მაკრონმა განაცხადა, რომ ის არ შეცვლის თავის პოზიციას იარაღის შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუმცა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს ისრაელელ ხალხს, განსაკუთრებით კი მძევლებსა და მათ ოჯახებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობაზე.
„ცეცხლის შეწყვეტის დრო მოვიდა. იარაღის მიწოდება, ღაზაში ომის გახანგრძლივება და მისი ლიბანში გავრცელება ვერ შექმნის იმ უსაფრთხოებას, რომელსაც ისრაელელები და ყველა ელოდება რეგიონში“, – განუცხადა საფრანგეთის ლიდერმა ნეთანიაჰუს.