ემანუელ მაკრონის „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრებთან და სომხურ ლობთან შეხვედრის გამო, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სომხეთის „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრებთან და სომხურ ლობთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი, ან ბუაიონი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩს სთხოვეს, აეხსნა აღნიშნული შეხვედრის დეტალები და პრესაში გამოქვეყნებული განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ამ შეხვედრაზე გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების შესახებ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „დაშნაკცუთიუნის“ პარტიისა და სომხური ლობის წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ემანუელ მაკრონს ციტირებენ და აცხადებენ, რომ კიშინეუს შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უფრო აქტიურია „ყარაბაღის საკითხში“, ვიდრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ საქმიანობას.
საპასუხოდ საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.
აზერბაიჯანული მხარე ელოდება პარიზის მხრიდან ემანუელ მაკრონის სახელით გამოთქმული მოსაზრებების დადასტურებას ან უარყოფას. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ განცხადებები თუ დადასტურდა, შესაძლოა, ოფიციალურმა ბაქომ დიპლომატიურ დონეზე შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.