ემანუელ მაკრონი - უკრაინაში ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება
უკრაინაში ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„ეს არა მხოლოდ ევროპელების ომია, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება, რადგანაც აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ახალი იმპერიალისტური მიდგომა, რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რაც გამოიხატება მეზობლის წინააღმდეგ აგრესიაში და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაში. ამასთან, ამ ომის აგრესიის დროს ყველა ტაბუ დაირღვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა დაარღვია გაერო-ს ქარტია. ვიხილეთ კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დანაშაულებები, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხეც“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად წარმოქმნილ კრიზისებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.
„არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მხარე, რომელსაც თავს დაესხნენ, ეს მკაფიოა“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა ამ ომის წამოწყებისას დასახულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. მაკრონის თქმით, რუსეთს ეგონა, რომ სწრაფად მიაღწევდა წარმატებას ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელების შემართებამ და სიმამაცემ აჩვენა, რომ რუსეთმა ეს ვერ შეძლო. ასევე, მაკრონის თქმით, ომის შედეგად უკრაინის კონსოლიდაცია მოხდა, ხოლო ნატო გაფართოვდა, რაც რუსეთს არ სურდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ასევე მარცხი განიცადა რუსეთის კოლონიალისტურმა აზროვნებამ.
„რუსეთს სურდა, გავლენის სფეროები შეექმნა და ისე გამოეყვანა, თითქოს უკრაინაში წამოწყებულ ომს ლეგიტიმური საბაბი ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა. ერთი წლის შემდეგაც ეს არ მუშაობს. რუსეთის მიმართ დიდი უნდობლობა არსებობს და თავდაცვა მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში გამოწვევის გადაჭრა რუსეთს შეუძლია? რუსეთს, რომელიც წარმოადგენს ახალ კოლონიალისტურ სახელმწიფოს“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის პრობლემის გადაჭრის გარეშე ვერ მოხერხდება. ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და გააგრძელოს დიალოგი, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა, მაკრონის თქმით, ჯერ ამის დრო არ დამდგარა.
„ახლა რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ მოსულა. რუსეთმა აირჩია ომი. რუსეთმა ამ ომის ესკალაცია აირჩია. რუსეთმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაედინა ომის დანაშაულებები. მოკლევადიან პერიოდში გამოსავალი მარტივია – რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი და რუსეთის თავდასხმა წარუმატებელი უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობა ნორმად იქცეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მსოფლიოში სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – განაცხადა მაკრონმა.