ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი ევროსაბჭოს საბოლოოდ დატოვებს, ამით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოდან რუსეთის მთლიანად გასვლა არ სურს. ამის შესახებ მან პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ევროსაბჭოს საბოლოოდ დატოვებს, ამით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან.
„საფრანგეთი ემხრობა პოზიციას, რომ აუცილებელია სანქციების გაგრძელება ყველა პირობის შესრულებამდე. რაც შეეხება ევროსაბჭოში სანქციებს, სინამდვილეში ამ სანქციებისგან ზარალდება არა რუსეთის სახელმწიფო, არამედ რუსეთის მოქალაქეები, რადგან რუსეთის წევრობა ევროსაბჭოში ნიშნავს იურისდიქციის სივრცისადმი კუთვნილებას, ეს ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას. თუ რუსეთს გარიცხავენ ევროსაბჭოდან, ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდება. სწორედ ამიტომ, თავმჯდომარე ფინეთთან ერთად დავიწყეთ კონსულტაციები რუსეთის დასაბრუნებლად… ჩვენ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის მთლიანად გასვლა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს დააზარალებს. ჩვენ კი გვსურს, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის მოქალაქეების მიერ მათი უფლებების დაცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.
რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.