ემანუელ მაკრონი - თუ მსოფლიოს დანაწევრების თავიდან არიდება გვსურს, ძლიერი ევროპა გვჭირდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის რეფორმირების ათწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ინიციატივა საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის პოზიციის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
მაკრონმა აღნიშნა, რომ გლობალიზაცია შეუქცევადია და საჭიროა საყოველთაო შეთანხმება იმისთვის, რომ ადამიანებმა ამით გამოწვეული მოსალოდნელი ცვლილებები გააცნობიერონ.
„თუ ჩვენ გვსურს მსოფლიოს დანაწევრების თავიდან არიდება, ძლიერი ევროპა გვჭირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპამ აშშ-სა და ჩინეთის გვერდით უფრო ძლიერი როლი უნდა შეასრულოს.
დავოსში დონალდ ტრამპის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მაკრონმა აშშ-ის ლიდერზე იხუმრა. მას ტრამპი სახელით არ მოუხსენიებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ძლიერმა თოვლმა შესაძლოა ზოგიერთი ლიდერი კლიმატის ცვლილებებზე დააფიქროს.