ემანუელ მაკრონი - თანამედროვე ეპოქაში არსებული საფრთხეების გამო, აშშ-სა და საფრანგეთის კოორდინირებული მოქმედება მნიშვნელოვანია
აშშ-სა და საფრანგეთს კონკრეტული პასუხისმგებლობები აქვთ და თანამედროვე დროის მულტილატერალიზმის (სამი ან მეტი სახელმწიფოს კოორდინირებული) გარანტორები არიან – ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, თანამედროვე ეპოქაში არსებული გაურკვევლობებისა და საფრთხეების გამო, ორი ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მნიშვნელოვანია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან ეკონომიკურ, სამხედრო, დიპლომატიურ, სამეცნიერო და კულტურულ საკითხებს განიხილავს.
აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება იქნება.
მაკრონი შეთანხმებას ემხრობა, ტრამპი კი მის გადახედვას ითხოვს და ხელშეკრულებიდან გასვლას არ გამორიცხავს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი შეეცდება, დონალდტ ტრამპი დაარწმუნოს, რომ შეთანხმება არ დატოვოს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოვა და სტუდენტებსაც შეხვდება.