ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული

საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული, – აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, საფრანგეთი პროევროპული სახელმწიფოა.

„საფრანგეთი არ არის პრორუსული, როგორც ხშირად ამბობენ. საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული. როდესაც მე ვუყურებ რუკას და ალბათ, თქვენც იგივე შეგრძნება გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ რუსეთი ევროპაშია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის არ არის ევროკავშირში, რუსეთი ჩვენს სამეზობლოშია“, – განაცხადა მაკრონმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროპის თავდაცვამ ნატო არ უნდა ჩაანაცვლოს.

„მე ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს პოლონელები იტყვიან, თუ დამესხმებიან თავს, მე ვიცი, რომ ევროპა დამიცავს. ევროპული თავდაცვა არ არის ნატო-ს ალტერნატივა. ის არის ნატო-ს შეუცვლელი დამატება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.