ეს ომი არ სურდა არც საფრანგეთს, არც ევროპას, არც უკრაინასა და არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, პირიქით, მათ ყველაფერი გააკეთეს მის ასარიდებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიმართვისას განაცხადა.
მაკრონმა დაგმო რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული „ტყუილები“, მაგრამ თქვა, რომ დარჩება კონტაქტზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა შეეცადოს ცეცხლის შეწყვეტას. მისი თქმით, საომარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა კრემლს ეკისრება.
„ის დამოუკიდებლად, გამიზნულად, ერთიმეორის მიყოლებით უარს ამბობდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს. არ არსებობს ნატო-ს ბაზა უკრაინაში. ეს არის ტყუილი. რუსეთი არ არის აგრესიის ქვეშ, ის არის აგრესორი. ეს ომი არ არის ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, ეს ტყუილია“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო ევროპულ თავდაცვაზე. მისი თქმით, არ შეიძლება დამოკიდებული იყვნენ, რომ სხვა დაიცავთ მათ ხმელეთზე, ზღვაში თუ წყალქვეშ, ჰაერში, კოსმოსსა თუ კიბერსივრცეში. სწორედ ამიტომ, მაკრონის თქმით, ევროპულმა თავდაცვამ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას.
ამ მიზნით, ემანუელ მაკრონი 10 და 11 მარტს ვერსალში სამიტს უმასპინძლებს, სადაც ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები იქნებიან მიწვეული.
„ჩვენმა ევროპამ ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენა. ის ახალ ეპოქაში შევიდა“, – განაცხადა მაკრონმა.