ემანუელ მაკრონი - რეალური რეფორმების გარეშე, საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოებას არ ემხრობა
საფრანგეთი რეალური რეფორმების გარეშე ევროკავშირის გაფართოების მომხრე არ არის. ამის შესახებ სოფიაში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების გადაწყვეტილებას, ევროპის დასუსტება მოჰყვა.
„ის, რასაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ვხედავთ, არის გზა, რომელმაც დაასუსტა ევროპა, როგორც კი გაფართოებაზე დავფიქრდით. ვფიქრობ, ვერც კანდიდატ ქვეყანას და ვერც ევროკავშირს ვერ გავუწევთ კარგ სამსახურს, თუ გვექნება მექანიზმი, რომელიც აღარ არის წესების დაცვაზე დაფუძნებული და მხოლოდ გაფართოებას ითვალისწინებს. მე მხარს ვუჭერ ბალკანეთის ევროპისკენ სვლას და ევროკავშირში დამკვიდრებას, თუმცა ყველა ახალი გაფართოებისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და სიმკაცრე“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბულგარეთის დედაქალაქში დღეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართა. ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელ არის დადასტურებული დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.
ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დაეხმარება და გააღრმავებს თანამშრომლობას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობისა და სოციალ-ეკონომიკურ სფეროში სასურველი შედეგების მისაღწევად.
დოკუმენტში ხაზგასმულია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ერთად იბრძოლებენ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.
სოფიას სამიტის დეკლარაციაში არ არის დასახელებული კონკრეტული ვადები, თუ როდის მოხდება ევროკავშირის გაფართოება. თუმცა, ნახსენებია 2018 წლის 6 თებერვალს ევროკომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივა, რომელშიც თავის მხრივ ნათქვამია, რომ სერბეთს და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება 2025 წლამდეა შესაძლებელი.
ასევე ცნობილია, რომ ევროკომისია გამოდის ინიციატივით, მაკედონიასა და ალბანეთთან ევროკავშირიში გაწევრიანების შესახებ დიალოგი წელს ზაფხულშივე დაიწყოს. სავარაუდოდ, ეს ივლისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.