ემანუელ მაკრონი - პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხოლოდ სამიტის მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მიიწვევენ
ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიწვევენ, თუ მასში მონაწილე ყველა ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „აუცილებლად იქნეს მიღწეული კონსენსუსი დანარჩენ 19 ქვეყანასთან, ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.
„დიდი ოცეული“ ვალდებულია, იმოქმედოს, „ემსახუროს მსოფლიოსა და საერთო ინტერესებს“, – აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, 2019 წელს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია. სანაცვლოდ, მან რუსეთის პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოაწყო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს – ინდონეზიაში, 2023 წელს კი ინდოეთში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტებს. მის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გამოსცა.