ემანუელ მაკრონი პროფკავშირებს მოუწოდებს, საფრანგეთში გაფიცვა საშობაოდ შეწყვიტონ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პროფკავშირებს მოუწოდებს, საპენსიო რეფორმის გამო გამოცხადებული გაფიცვა საშობაოდ შეწყვიტონ. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა კოტ დივუარში ვიზიტისას გააკეთა.
„გაფიცვა გამართლებულია და დაცულია კონსტიტუციით, თუმცა ვფიქრობ, ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც კარგია ზავის დადება ოჯახებისა და ოჯახური ცხოვრებს პატივსაცემად. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლობის ეს გრძნობა. ყოველი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ზავი არ ნიშნავს მიღებას ან მიტოვებას, არამედ ეს არის მარტივად პასუხისმგებლობის გრძნობა და ფრანგი ხალხისადმი პატივისცემა, რომელსაც ამ სადღესასწაულო პერიოდში ოჯახებთან გაერთიანება სურს“, – განაცხადა მაკრონმა.
უკვე ორ კვირაზე მეტია საფრანგეთში სატრანსპორტო და სხვა სფეროს წარმომადგენლები გაფიცულები არიან. საფრანგეთში შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ნაწილობრივ მუშაობს მეტროპოლიტენი, რამაც სადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეებსა და ტურისტებს პრობლემები შეუქმნა.
აქციის მონაწილეები დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. მთავრობის მიერ ინიციირებული გეგმა ამჟამად მოქმედი 40-ზე მეტი საპენსიო სისტემიდან უნივერსალურ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამგვარად, მრავალი სოციალური ჯგუფი არსებულ შეღავათებს დაკარგავს. ცვლილებები საპენსიო ასაკსაც შეეხება და ის ყველასთვის 64 წლით განისაზღვრება. პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში, მოქალაქე სრულფასოვან პენსიას ვერ მიიღებს.
ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლა კი 2022 წლიდან იგეგმება.