ემანუელ მაკრონი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
იორდანიის მეფე აბდულა II-სთან შეხვედრის დროს მაკრონმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ქალაქ რაფაჰში შეიძლება გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა და იქნება გარდამტეხი მომენტი ამ კონფლიქტში.
„მე ვიზიარებ იორდანიის და ეგვიპტის წუხილს მოსახლეობის იძულებითი და მასიური გადაადგილების შესახებ. დღეს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილითა და ავადმყოფობით იღუპება. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ჩვენ უნდა გავხსნათ აშდოდის პორტი. ჩვენ ასევე უნდა გავხსნათ პირდაპირი სახმელეთო გზა იორდანიიდან, რომელიც შეიძლება, გახდეს დამატებითი ჰუმანიტარული პლატფორმა ღაზისკენ და საფრანგეთი მზადაა, ამაში წვლილი შეიტანოს. პრიორიტეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების იმედის აღდგენა ყველასთვის. საუბარია მთელ რეგიონში გამწვავების თავიდან აცილებაზე, განსაკუთრებით, ლიბანსა და წითელ ზღვაში. საფრანგეთი აქტიურია და ამ შეტყობინებას უგზავნის ყველა რეგიონულ მოთამაშეს, განსაკუთრებით, ირანს. ეს ასევე უნდა გაკეთდეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობის შემცირებით. მე ვიზიარებ იორდანიის შეშფოთებას უკონტროლო ესკალაციასთან დაკავშირებით. ისრაელის კოლონიზაციის პოლიტიკა და ებრაელ მოსახლეთა ძალადობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.