ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან
ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ემხრობა ახალი ტიპის „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნას, რომელიც ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, შეუერთდნენ ძირითად ევროპულ ღირებულებებს.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა თავის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას სიგნალი უწოდა, რომ ფრანგებს მეტი ევროპა სურთ.

ასევე, მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინელების სურვილს ბლოკში გაწევრიანების შესახებ რამდენიმე წელი დასჭირდება და შედეგად საჭიროა მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული იმედის მიცემა.

„უკრაინა თავისი ბრძოლით და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. მაშინაც კი, თუ ჩვენ მას ხვალ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესს წლები დასჭირდება“, – განაცხადა მაკრონმა.

იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების სტანდარტები დაწიოს, მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას პარალელური ერთეული, რომელიც გავრცელდება ქვეყნებზე, რომლებიც მიისწრაფვიან გასაწევრიანებლად ან ქვეყნებზე, რომლებმაც დატოვეს ბლოკი, მაგალითად, ბრიტანეთმა.

მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება ღია იქნება დემოკრატიული ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, ენერგეტიკის კუთხით თანამშრომლობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები.