ემანუელ მაკრონი - ევროკავშირმა უნდა განიხილოს „სხვადასხვა სიჩქარიანი ევროპა“, რათა გაუმკლავდეს გაფართოებას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „შესაძლოა“ გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რადგან ის განიხილავს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება რეფორმა, თუ მას სურს ახალი ქვეყნების ინტეგრირება და კონსენსუსის მიღება 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან.
„რისკი არის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია გაფართოება რეფორმების გარეშე. შემიძლია, დავამოწმო, რომ ევროპისთვის რთულია 27 წევრით სენსიტიურ თემებზე წინსვლა. 32 ან 35 წევრით ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ დაგვჭირდება გამბედაობა, რომ მივიღოთ მეტი ინტეგრაცია ზოგიერთ სფეროში და შესაძლოა, სხვადასხვასიჩქარიანი ევროპაც კი“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ იმუშავებს ეს „სხვადასხვა სიჩქარიანი ევროპა“, მაგრამ თქვა, რომ ევროკავშირის პროცედურების გადახედვა აუცილებელია ბლოკის გაღრმავებისა და „მიმზიდველობის“ შესანარჩუნებლად.
„პოლიტიკო“ წერს, რომ, რამდენიმე ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, მაკრონის მთავრობა მუშაობს რამდენიმე წინადადებაზე „სხვადასხვა სიჩქარიანი“ ევროპისთვის, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებზე.