ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი აცხადებენ, რომ გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მჭიდროდ ითანამშრომლებენ
ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი აცხადებენ, რომ გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ვიდრე ახალი მთავრობის ფორმირება დასრულდება, მე და ქალბატონი კანცლერი, ანგელა მერკელი მხარდამხარ ვიმუშავებთ მთავარ საკითხებზე, რომელზეც ვეძებთ ერთობლივ გამოსავალს, და რასაც ვაკეთებდით კიდეც ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, მერკელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რაც გერმანულ მხარეზეა დამოკიდებული, რათა საჭირო გადაწყვეტილებების მიღება არ გაჭიანურდეს.
ბრიფინგზე გამოსვლისას მერკელმა ჩამოთვალა სხვადასხვა საერთაშორისო საკითხები, მათ შორის ავღანეთში, ბელარუსსა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის კანცლერის რანგში ანგელა მერკელის ბოლო ვიზიტია საფრანგეთში. 26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მერკელი კანცლერის პოსტზე კენჭს აღარ იყრის.