ემანუელ მაკრონი - აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სანქციები რომ არ დაეწესებინა, ნავთობზე ფასი არ გაიზრდებოდა
ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სანქციები რომ არ დაეწესებინა, ნავთობზე ფასი არ გაიზრდებოდა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ემანუელ მაკრონმა გაერო-ს ტრიბუნალიდან დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა.
„თუ ლოგიკას მიჰყვება, დაინახავს, რომ ნავთობის სტაბილური ფასისთვის უკეთესია, თუ ირანი ვაჭრობას შეძლებს. ეს კარგი იქნება მშვიდობისთვის, ისევე როგორც ნავთობის ფასისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩიხში შევდივართ, რომელზე პასუხიც პირადად მე არ გამაჩნია. ეს არის ეკონომიკური რეალობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზეც ისაუბრა. ემანუელ მაკრონის თქმით, პალესტინელების უფლებების გათელვა და ერთმხრივი ინიციატივები კონფლიქტს ვერ გადაჭრის.
სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებაც განიხილა. ემანუელ მაკრონის თქმით, იმ ქვეყნებთან, რომლებიც პარიზის შეთანხმებას დატოვებენ, ქვეყნებმა სავაჭრო ურთიერთობა უნდა შეწყვიტონ.
„ჩვენ ვიმუშავებთ დიდი შვიდეულის ფარგლებში იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები გაიზარდოს. თუ ერთ-ერთი წევრი გაგრძელებას არ მოისურვებს, ჩვენ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ, შევქმნით ახალ კოალიციებს, ახალ ფორმატს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 2017 წლის ზაფხულში დონალდ ტრამპმა კლიმატის ცვლილებაზე მიღწეული პარიზის შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების შესახებ განაცხადა.