ემანუელ მაკრონი - ადამიანებით ვაჭრობა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე
ემანუელ მაკრონი - ადამიანებით ვაჭრობა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ლიბიაში ადამიანებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად ერთობლივი ზომები მიიღონ. აბიდჯანში გამართულ ევროკავშირი-აფრიკის სამიტზე, ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში სპეცოპერაცია დააანონსა, რის შედეგადაც ევროკავშირი ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება. მან ლიბიაში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტები კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.

როგორც გამომცემლობა France 24 იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბიის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა.

ლიბია ის ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტები ხმელთაშუა ზღვიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ. ბოლო თვეებში ლიბიაში ადამიანებით ვაჭრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც საერთაშორისო მედიის ობიექტივში მოხვდა. ერითრეისა და აფრიკის სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომელებიც ლიბიაში ევროპაში გადასვლის მიზნით ჩავიდნენ, ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცნენ. მათ ადამიანებით მოვაჭრეები არალეგალურად გამართულ აუქციონზე მონებად ყიდიან.

 

წყარო: France 24