ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აშშ-ში ელჩს მომდევნო კვირას დააბრუნებს
საფრანგეთი აშშ-ში ელჩს მომდევნო კვირას დააბრუნებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ავსტრალიასთან უსაფრთხოების პაქტის გამოცხადებამდე საფრანგეთთან კუნსულტაციის გავლას, ორ მხარეს შორის დიპლომატიური სკანდალის პრევენცია შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩი გასულ კვირას გაიწვია და აშშ-ის პრეზიდენტი ზურგიდან დარტყმის მიყენებაში დაადანაშაულა, როდესაც უსაფრთხოების პაქტის გაფორმების ფონზე, ავსტრალიამ საფრანგეთთან 40 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ხომალდების ხელშეკრულება გააუქმა და უპირატესობა ამერიკულს მიანიჭა.
დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, დაიწყონ გაღრმავებული კონსულტაციები ნდობის აღსადგენად. პრეზიდენტები ერთმანეთს ევროპაში, ოქტომბერში შეხვდებიან.