ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას მხარს უჭერს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„ვფიქრობ, ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დაბრუნება და ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. საფრანგეთი მას არ აწვდის“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ესკალაციის თავიდან აცილება.
“ლიბანელი ხალხი არ უნდა გავწიროთ, ლიბანი არ უნდა გახდეს კიდევ ერთი ღაზა. არ შეიძლება ტერორიზმთან და ტერორისტებთან ბრძოლა სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლად გაღების ხარჯზე“, – აღნიშნა მაკრონმა.