ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საფრანგეთის მოქალაქის შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობს და ცდილობს მის დახმარებას.
„ეს არის ჩვენი მოქალაქე, რომელიც მუშაობს შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აფინანსებს გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია „მოსმენილი ბრალდებების ფონზე სიმართლის სრული სურათის დანახვა“.
მისივე თქმით, დაკავებული ლორან ვინატიე არ მუშაობდა საფრანგეთში. მას გაუწევენ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას, რომელიც გათვალისწინებულია ასეთ შემთხვევებში.
მედიაში 7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე სამხედრო ხასიათის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში დაკავებული ლორან ვინატიე ჟენევაში დაფუძნებული შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრისთვის“ მუშაობდა.
გამოძიების ცნობით, ლორან ვინატიე, რომელიც უარს აცხადებდა უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანმიმართულად აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის მიმართულებით.