„ემ ქეი დი“ - ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს, რომ მოთხოვნა შთამომავლებზე ზრუნვაზე კარგად არ არის გათვლილი, უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც დაიბადებიანო
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა.
როგორც იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ბანკმა თანხის გადარიცხვაზე უარისთვის არაერთი მიზეზი დაასახელა.
„იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით:
პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც პასუხად ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;
მეორე: „კრედიტ სუისმა“ კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია, ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისი“, ხოლო კლიენტი იღებს ამ უცნობი პირების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინ გაარკვევს, ვის ეკუთვნის ხელმოწერა;
მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო. გვჯერა, მკითხველს ამ ფაქტებზე დაყრდნობით სწორი დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ავრცელებს.