ელმარ მამედიაროვი - 2020 წელს დავასრულებთ სამხრეთის კორიდორის ნაწილს იტალიამდე, მაგრამ ეს არ არის დასასრული, დიდი გეგმები გვაქვს, მაგალითად მილსადენის ბალკანეთისკენ გაგრძელება
ჩვენი თანამშრომლობა არ არის მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენ წინ წავწიეთ და მოკავშირეობის ახალ დონეზე გადავიყვანეთ სამი ქვეყნის თანამშრომლობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს აქვს მსგავსი ხედვა როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში.
„დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა. მე ვთქვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ არის მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენ წინ წავწიეთ და მოკავშირეობის ახალ დონეზე გადავიყვანეთ სამი ქვეყნის თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში. ახლახანს ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ერთობლივ განცხადებას, არამედ სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის წინადადება იყო, და მადლობა რომ საქართველო და თურქეთი დაეთანხმა ამ წინადადებას, ახალი თავი – ეს არის საკვების უსაფრთხოება. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ახალი ელემენტი. ჩვენ ყველა სხვა სფეროში ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომელიც უკვე ახსენეს. მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტის დაკავშირება.
ვფიქრობ, რომ ვინც მიიღო გადაწყვეტილება, გაეყვანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, მათთვის ეს გადაწყვეტილება იოლი არ იყო, თუმცა ამან გახსნა უზარმაზარი შესაძლებლობები სამი ქვეყნისთვის და დააახლოვა ეს სახელმწიფოები ერთმანეთს. ეს ადამიანები იყვნენ ჰეიდარ ალიევი, ედუარდ შევარდნაძე. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა და დაამტკიცეს ამ მილსადენის გაყვანა. დღეს იგივე აბრევიატურას ვიყენებთ, როდესაც ვახსენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ან თუ ვსაუბრობთ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენზე, რომელმაც გაუხსნა გზა ტრანსანატოლიურ მილსადენს. ჩვენ იმედი გვაქვს და მეტიც, გვჯერა, რომ 2020 წელს ჩვენ დავასრულებთ სამხრეთის კორიდორის ამ ნაწილს იტალიამდე, ტრანსადრიატიკული მილსადენით. მაგრამ ეს არ არის დასასრული. წინ დიდი გეგმები გვაქვს, მაგალითად ბალკანეთისკენ წაწევა, რისთვისაც იგივე საშუალებებს გამოვიყენებთ – ტრანსანატოლიურ მილსადენს და ურთიერთდამაკავშირებლებს სხვადასხვა ქვეყნებში. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისათვის“,- განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც, რომელიც ცვლის მთელ გარემოს არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ეს არის გეოსტრატეგიული გლობალური პროექტი.
„დავით ზალკალიანმა ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ეს რკინიგზაც ცვლის მთელ გარემოს არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ეს არის გეოსტრატეგიული გლობალური პროექტი, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაზე, ასევე სამხრეთისა და დასავლეთის დაკავშირებაზე. ეს არის ის რკინიგზა, რომელიც ყოველწლიურად განავითარებს ჩვენს ქვეყნებს“,- განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონფლიქტებზეც ისაუბრა. ამასთან, მამედიაროვმა თურქი და ქართველო კოლეგები მომავალ წელს ბაქოში მიიწვია.
„რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო ზოგიერთი პრობლემაც, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს არის გადაუჭრელი კონფლიქტები, საქართველოში, აზერბაიჯანში. როდესაც უყურებთ ტერიტორიების ოკუპაციას, ბევრ მსგავსებას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ყველა ვიცავთ საერთაშორისო კანონმდებლობას, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საზღვრები კი დადგინდა და განისაზღვრა, როდესაც ჩვენი ქვეყნები შეუერთდნენ გაერო-ს. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ერთიანები ვიყოთ და მივდიოთ საერთაშორისო კანონმდებლობას. და ბოლოს, მე მაქვს პატივი მივიწვიო კოლეგები ბაქოში, მომავალ წელს. ეს იქნება კარგი შეხვედრა, დარწმუნებული ვარ“,- აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.