ელმარ მამადიაროვი - დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.
„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში.
მიმართვაში ელმარ მამადიაროვი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებასა და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნავს მინისტრი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.