ელიზაბეთ რუდი - სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში
ელიზაბეთ რუდი - სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში

ძალიან ნათელია, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

„ვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ ომს შეეწირა. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე პოზიციებზე, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართვლოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებია. ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად ხდება, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცებას. მხარს ვუჭერთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. სრულად ვუჭერთ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობა.

ვფიქრობ ძალიან ნათელია, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.