ელიზაბეთ რუდი - საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გარე წყაროებიდან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას
საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გარე წყაროებიდან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„მონაწილეობა მივიღე პანელზე სახელწოდებით, „ქვეყნები ზეწოლის ქვეშ – საფრთხეებთან გამკლავება“. ამ კონტექსტში საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გარე წყაროებიდან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რათა დავეხმაროთ გაუმკლავდნენ საფრთხეებს”, – განაცხადა რუდმა.
მისივე თქმით, კონფერენციაზე საუბარი იყო სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერ და მზარდ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, ნატო-ს შორის, რაც ხელს უწყობს საქართველოს გაძლიერებას და მზაობას საკუთარი ტერიტორიული თავდაცვისთვის.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ქვეყნებს მათი შიდა სტაბილურობისთვის გატარებული ღონისძიებები. ვისაუბრეთ მდგრადობის შესახებ, ინფორმაციისა და დეზინფორმაციის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ და მთელი ქვეყნის მობილიზების შესახებ საერთო თავდაცვისთვის, რათა შეძლონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ეს ყველაფერი არის ის, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას საქართველოს და ეხმარება მას. ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც ყოველ წელს გვაძლევს საშუალებას დავანახოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს, განვიხილოთ საქართველო რეგიონული და გლობალური გამოწვევების კონტექსტში. კონფერენცია ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან დიალოგი ხელს უწყობს საქართველოს გზას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.