ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას
მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია არის მკაფიო და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ეს არის ომი, რომელმაც ათასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა და დღესაც ბევრი მათგანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, მოინახულონ ახლობლების საფლავები და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.
აშშ-ის პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვმუშაობთ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის გადაჭრა და მოგვარება.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ გაუმჯობესდეს აქ მცხოვრები ადამიანების ეკონომიური მდგომარეობა. განსაკუთრებით გვინდა, გამოვყოთ კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ქალების როლი. მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.