ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.
„რეზოლუციის დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, თუმცა ცხადია, რომ რუსეთი არ იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვთ „დიდი შვიდიანის“ ფორმატის წევრებს და მათ შორის არის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია რუსეთის მიერ, რაც დიდი ხანია გრძელდება.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დააბრუნოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ ტერიტორიებზე და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების წვდომას რეგიონებში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს არ დაუშვებენ „დიდი შვიდეულში“, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას გაკეთდა აშშ-ის კონგრესმენების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.