ელიზაბეთ რუდი - ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მოხარულები ვართ, რომ ვაცხადებთ ჯვრის მონასტრის პროექტს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა აშშ-ის საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზის დააფინანსების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ამინდის მკაცრი პირობებისა და ტურისტების სტუმრობის გამო, მონასტერი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაცხადებთ ჯვრის მონასტრის პროექტს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება მთავარი ტაძრის სამეცნიერო კვლევა, რომლის საფუძველზე შემუშავდება გეგმა, სტრატეგია მთავარი ტაძრის კედლების დაცვისთვის და შენარჩუნებისთვის. აღნიშნული გეგმა პროექტის მომავალ ფაზებში განხორციელდება. საერთო ჯამში, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფარგლებში 20-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა საქართველოში, მათ შორის გელათის მონასტერში, უფლისციხეში და ა.შ. ჯვრის მონასტრის შენარჩუნებისა და დაცვის პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია კვლევა და როდესაც შემუშავდება გეგმა, იმედია, ამერიკის საელჩოს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში მომავალი პროცესებიც დაფინანსდება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს.
საელჩო 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს.