ელიზაბეთ რუდი - აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, სიტუაციის განტვირთვისა და განეიტრალებისთვის
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარებით და მოუწოდებს რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას, ვითარების განტვირთვისთვის ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან განსაკუთრებით ბოლოს განვითარებული მოვლენები, ვითარების დაძაბვა. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჩორჩანას ტყეში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მათ შორის, ტექნიკური შეხვედრები „აიპიარემის“ (IPRM) ფარგლებში, რათა მოხდეს სიტუაციის განტვირთვა და განეიტრალება“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.