ელიზაბეთ რუდი - აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მტკიცე.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის განცხადებას, როდესაც ითქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ზოგიერთი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს და სწორედ ამას ეხმაურებოდა რასმუსენის აღნიშნული განცხადება. მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.