სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გახსნა.
სხდომაზე საბჭოს სამდივნომ წევრი უწყებების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო წლის ანგარიში წარადგინა.
სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების კუთხით მიღწეულ იმ პროგრესს, რაც საბჭოში შემავალი უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.
საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა 2015-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის აქტივობები განიხილეს და მათ შესრულების შესაბამისი სტატუსი მიანიჭეს. ისინი ასევე გეგმის განახლებისთვის საჭირო თემატური სამუშაო შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა 2020 წლის პირველ კვარტალში ჩაინიშნა.
სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის“ რეგიონული სამდივნოს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრისა და გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქბრბ საფრთხეების შემცირების საკითხებზე ნიკოლოზ რთველიაშვილმა და საბჭოს წევრი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების) წარმომადგენლებმა.
საბჭოს სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ფრანჩესკო მიორინი, ბოლო წლების განმავლობაში, ქბრბ უსაფრთხოების სფეროში, ქართული უწყებებისთვის გაწეული დახმარებისთვის სამსახურის სიგელით დააჯილდოვა. ფრანჩესკო მიორინიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ქბრბ ეროვნული სტრატეგიის, ასევე სამოქმედო გეგმის შექმნაში.
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შევაფასეთ ჩვენი ხუთწლიანი შედეგები, მიღწევები და წარმატებები. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად საუბრობენ საქართველოს როლსა და წარმატებაზე ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, ისინი ხშირად სტუმრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ექსპერტებს. ჩვენი წინა სხდომის შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებმა აღკვეთეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი აღნიშნული მიმართულებით“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომაში. აშშ ერთგულად აგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას მათ შორის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულად მომზადებული, მოახდინოს პრევენცია და უპასუხოს ნებისმიერი ტიპის საფრთხეს, რაც უკავშირდება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ მასალებს. უკვე წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს იმ სააგენტოებს და სამინისტროებს, რომლებიც მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უაღრესად მტკიცე თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რაც გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ორგანიზებას, ტექნიკური დახმარების გაწევას, ამ მიმართულებით არსებული საფრთხეების საპასუხოდ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პარტნიორ სააგენტოების მეშვეობით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაეკისრა წამყვანი როლი სხვადასხვა სამსახურების კოორდინაციის კუთხით. როგორც ყოველთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძალიან პროფესიონალური. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა მიმართულებითაც, როგორიც არის საზღვრის მართვა და ჩვენ დავიწყებთ ახალ თანამშრომლობას „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არაჩვეულებრივია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს წამყვან უწყებას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყანამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს და აქტორებს საქართველოში. სახეზეა ხედვა, გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. საქართველოს უკვე აქვს პროგრესი საზღვრის კონტროლის მიმართულებით, ბირთვული ნარჩენების თვალსაზრისით, ასევე სხვადსხვა განხრით კანონმდებლობის შემუშავების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ უკვე ნახევარი გზა გვაქვს გავლილი გეგმის განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის და დახმარების პროგრამების დანაყოფის ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ.
„მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ერთ-ერთი მოწინავე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. საბჭოს ეს შეხვედრა აჩვენებს, რომ საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია და ერთგულად აგრძელებს მუშაობას, რომ მიაღწიოს უფრო მეტს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ველოდებით, რომ მოვისმენთ ინფორმაციას საქართველოს პროგრესის და სამომავლო ხედვის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში“, – განაცხადა გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.