ელიზაბეთ რუდი - ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია
ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელიზაბეთ რუდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა პროგრამის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უკიდურესი მსხვერპლი გაიღო; ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობის უსაფრთხოების პროგრამას, რომელმაც 12 მილიონი ლარი გამოყო ამ პროექტისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ადგილობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა, რომელმაც მადლიერება გამოთქვა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისთვის.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველომ 13 ათასზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა ავღანეთის მისიაში. დაახლოებით რვა ათასმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა ერაყში, ასევე მალისა და ცენტრალური აფრიკის მისიებში. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი პარტნიორების მხარდამხარ ბრძოლას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ცერემონიალში, რომელიც ეძღვნება მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობის დასრულებას. დღეს საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა პროგრამებისთვის ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა დაშავებულმა მებრძოლმა და მათი ოჯახის წევრმა მიიღონ მაღალი დონის კომპლექსური ზრუნვა“, – განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.