ელისო ბოლქვაძე - რას ნიშნავს გაყალბდა, დამიმტკიცე, რომ გაყალბდა, მომხრე ვარ კომისიის შექმნის, ეს თემები უნდა გაირკვეს
მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია, მათი ნაწილი პარლამენტს აუცილებლად შემოუერთდება, რადგან გაიაზრებენ და გადალახავენ იმ მდგომარეობას, რაც მათ გააჩნიათ და შემოვლენ ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
ელისო ბოლქვაძის თქმით, ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ერთი-ორი ადამიანის თემა, ეს არის სამშობლოს თემა, რომელიც წინ უნდა წავიდეს, ევროპისკენ მიილტვის, უნდა მშვიდობა. მათი აღშფოთება მესმის, რადგან მათ ასე ესმით, მაგრამ ეს რამდენად არის სიმართლე, გასარკვევი თემაა. არ შეიძლება, მხოლოდ ლოზუნგებით გამოვიდნენ და ილაპარაკონ-გაყალბდა, გაყალბდაო. რას ნიშნავს გაყალბდა, დამიმტკიცე, რომ გაყალბდა. მომხრე ვარ კომისიის შექმნის, ეს თემები უნდა გაირკვეს. ეს ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს აქ, მაღალი ტრიბუნიდან და უფრო ბედნიერები იქნებიან. გარეთ ბრძოლა რა უბედურებაა? მათი ადგილები ცარიელი იყო, ველოდებით, რომ შემოვლენ. ასეთი კრიზისები სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილა და კიდევ კარგი, ჩვენ პირველი არ ვართ. საოცარი პოლარიზაციაა. იმ ხალხს როგორ ვასწავლო, ვინც ამდენი წელია პოლიტიკაშია? მეტყვიან, რომ პოლიტიკაში პირველი დღეა და ჭკუას რატომ გვასწავლიო. ამის შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.