ქალებს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის მორიგი მონაწილე გაირკვა. სეზონის დასკვნით ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მოიპოვა.
ჩოგბურთელს შესანიშნავი სეზონი აქვს. უიმბლდონზე უკრაინელი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. მოგვიანებით, მან ეს შედეგი აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმეორა . 2019 წელს, მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა გააღწია „დიდი სლემის“ ორი ტურნირის ნახევარფინალამდე – ელინა სვიტოლინამ და სერენა უილიამსმა.
სვიტოლინა მეშვიდე ჩოგბურთელია, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე ეს შეძლეს: ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ, იაპონელმა ნაომი ოსაკამ და ჩეხმა პეტრა კვიტოვამ. გასარკვევი რჩება ჩემპიონატის ბოლო მონაწილის ვინაობა.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება და იქ 14 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდი გათამაშდება. სხვათა შორის, სვიტოლინა მოქმედი ჩემპიონია. მან შარშან, ფინალში ამერიკელი სლოან სტივენსი დაამარცხა.