ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილზე წარმოება დღგ-ისგან გათავისუფლდება
ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილზე წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე განიხილა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და შეთანხმდნენ, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ.
„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება, ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები, იმპორტის შემთხვევაში, გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, ასევე, ადგილზე წარმოების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. მგონია, ეს არის სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ და იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული“, განაცხადა კახა კალაძემ.