ელენე პროშიკიანი - გოგონებს თავად არ უნდათ ნაადრევი ქორწინება და ხშირ შემთხვევაში, მათ ბედს მშობლები წყვეტენ
გოგონებს თავად არ უნდათ ნაადრევი ქორწინება და ხშირ შემთხვევაში, მათ ბედს მშობლები წყვეტენ, – ამის შესახებ ბოშათა თემის აქტივისტმა, ელენე პროშიკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა გოგონას ნაადრევ ქორწინებაზე ველაპარაკებით და ამ დროს, ის უკვე დანიშნულია. ჩემ პრაქტიკაში ორი შემთხვევაა, როცა გოგონა ჩვენი საუბრის შემდეგ, მეორე დღეს, სახლიდან გაიქცა, რადგან გათხოვება არ უნდოდა. ის დღემდე ყველანაირად ცდილობს, არ გათხოვდეს. უკვე 18 წლისაა და იცის, რომ გათხოვება არ უნდა. ის მზად არის იმისთვის, რომ ისწავლოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გოგონების ბედს მშობლები წყვეტენ“, – განაცხადა პროშიკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მექანიზმი არსებობს არასწულწლოვანთან თანაცხოვრების, ქორწინების გამოსავლენად იმ შემთხვევაში, თუ პირი 18 წლამდე ასაკისაა და შესაბამისად, სამოქალაქო ქორწინება რეგისტრირებული არ არის, ელენე პროშიკიანმა განაცხადა, რომ თუ ქორწინება დამალულია, სამწუხაროდ, ამის გამოსავლენად არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
„მე ძალიან ხშირად მსმენია, რომ თუ გოგონა დაორსულდა, საზღვრებს იქით გადაჰყავთ და ბავშვს იქ აჩენენ. მერე საზღვარგარეთ აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთი მაგალითები ძალიან ხშირად არის. ეთნიკურ უმცირესობებში – მით უმეტეს. რაც შეეხება იმათ, ვინც საქართველოში რჩება, მაგალითად, ბოშათა თემში, ეს აბსოლუტურად დამალულია; ხშირ შემთხვევაში, გოგონები ბავშვებს სახლში აჩენენ, რაც მერე სხვა პრობლემებს აჩენს – ბავშვი ვერ იღებს დაბადების მოწმობას, ვერ მიდის ბაღში, სკოლაში და ა.შ.“ – განაცხადა პროშიკიანმა.
მისი თქმით, მუნიციპალურ დონეზე ასეთ ოჯახებთან რწმუნებულმა უნდა იმუშაოს და უწყებებს მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რათა რეაგირება მოხდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რწმუნებულები ამას არ აკეთებენ და ახალგაზრდა გოგონებმაც არ იციან, ვის უნდა მიმართონ.