არაერთხელ ითქვა, რომ ბევრი კითხვა გაჩნდა ამ კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ, სამწუხაროდ, განხილვის შედეგადაც არ გამოიკვეთა, როგორ მოხდება მომავალში ბიუჯეტის მატების განხილვა, მისი დამტკიცება, როგორი პროცედურით წავა საზოგადოებრივი მაუწყებელი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ელენე მიხაილოვამ განაცხადა.
მიხაილოვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კანონპროექტის განმარტებით ბარათში არის მოხსენიებული კონსტიტუციის მუხლი, მაინც გაუგებარია, ეს ცვლილება როგორ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
„შედარება თავისთავად დრამატულად უარყოფითად შეიძლება, შეფასდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ვინაიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში, თითქმის ყველა მუხლში, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტერმინთა განმარტებიდან დაწყებული შესავალი მუხლებით დამთავრებული, რომელიც ეძღვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველგან არის ნახსენები ამ ორგანიზაციის დამოუკიდებლობა ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურისგან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაფინანსების მოდელი ამჟამად ბიუჯეტიდან ხდება, ეს არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც ამავე დროს აბსოლუტურად დამოუკიდებელია ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურისგან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ჩვენ ორი ან სამი წლის თავზე წავალთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან ან საკანონმდებლო ორგანოსთან ბიუჯეტზე სალაპარაკოდ, მის ოდენობაზე სალაპარაკოდ, უკვე გაუგებარი ხდება, რა დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ ვართ ამ პროცედურაზე, ამ პროცესზე დამოკიდებულები“, – განაცხადა მიხაილოვამ.
ელენე მიხაილოვას განცხადებით, იმ ცვლილების მიღება, რომელიც დღეს ხდება, ძალიან პრობლემურია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მისივე თქმით, სამართლებრივად ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.
„ამის გარდა, ამჟამად ევროპაში ინტენსიურად განიხილება ახალი საკანონმდებლო აქტი, ეს არის მედიის თავისუფლების აქტი, სადაც ცალკე მუხლი ეძღვნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტს და მის დამოუკიდებლობას ხაზი ასევე გაესვა ამ მუხლში, იქ საუბარია სწორედ იმაზე, რომ ადეკვატური უნდა იყოს დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობას. ამის ფონზე, როდესაც თითქმის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონში, წინ უსწრებს კონსულტაციები ევროპულ სტრუქტურებთან, შესაბამის ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან, ამის ფონზე ამგვარი პრაქტიკის შესწავლის, კანონმდებლობის ანალიზის, სხვა გამოცდილების ანალიზის გარეშე ასეთი ტიპის დოკუმენტის, ცვლილების მიღება ძალიან პრობლემურად მეჩვენება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამართლებრივად ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელება, რომლებზეც იყო საუბარი, თუნდაც მხოლოდ მშენებლობის ნაწილი ავიღოთ, ამ პროექტების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდანაც უკავშირდება სამართლებრივ რეგულაციებს, ანუ, დღეის მდგომარეობით, მე მიჭირს იმაზე საუბარი და პასუხის გაცემა, რა სამართლებრივი მექანიზმებით, რა ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით განხორციელდება ამ პროექტების დაფინანსება, დასრულება და როგორი იქნება სამართლებრივი ჩარჩო ამ პროექტების დასრულების, მე ვგულისხმობ, თუ ამ პროექტებს ვერ დაასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ რისკის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა მიხაილოვამ.
საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის უფროსის განცხადებით, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტით შეთავაზებულია სტაგნაცია, რომელიც აღარ ითვალისწინებს განვითარების შესაძლებლობას.
„ამ მოდელით გვთავაზობენ განვითარებაზე უარის თქმას. დღეს, როდესაც ახალი პლატფორმა ჩავუშვით, როდესაც ვიყურებით წინ და ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, კამერა, რომელიც შევიძინეთ, რთული, ხანგრძლივი პროცედურით, ტენდერით, ხვალ, ზეგ, მაზეგ უკვე ახალ ტექნოლოგიაზე გადავდივართ. ვფიქრობთ, ვგეგმავთ ხანგრძლივ პერსპექტივაში იმაზე გათვლით, რა შესაძლებლობას გვაძლევს დღეს ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო. დღეს ამ მოდელით გვთავაზობენ სტაგნაციას, განვითარებაზე უარის თქმას ან ჩვენ თუ მოვისურვეთ განვითარებას, ხანგრძლივად დავიგეგმეთ ტექნოლოგიურად, შევქმნათ განსხვავებული კონტენტი, უნდა ვიფიქროთ, მოეწონება ეს იმას, ვისთანაც მიგვაქვს? როგორი უნდა მივიტანოთ, რა ფორმით, რა შინაარსით, რათა მივიღოთ თანხმობა? სწორედ აქ ჩნდება კითხვა, შევინარჩუნებ ამ მიტანილ გეგმასთან ერთად დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელსაც ვინარჩუნებთ დღეს? როდესაც ვიცით, გვაქვს თანხა, რომელიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის წარმატებასა და წინსვლაზეც არის მიბმული და გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს წარმატებასაც, ჩვენს წინსვლასაც და განვითარებას, თუ დღეს ვიგეგმები და ვიცი, არ ვარ არავის გადაწყვეტილებაზე და მოწონებაზე დამოკიდებული, ხვალ დავიგეგმები იმგვარად, რომ უნდა გავითვალისწინო, როდესაც მიმაქვს ეს სტრატეგიული განვითარების გეგმა ან უბრალოდ შემოქმედებითი გეგმა, მოეწონება თუ არა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვისთანაც წავიღებ ამ გეგმას, აქ არის კითხვა, შევინარჩუნებ ამ პირობებში ჩემი ინსტიტუტის მთავარ არსს, მის დამოუკიდებლობას?“ – განაცხადა მიხაილოვამ.