ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისი ათ რაიონად უნდა დაიყოს და გამგებლები ხალხმა პირდაპირი წესით აირჩიოს
ვაკის რაიონში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.
ხოშტარიამ მათ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო. მისი თქმით, თბილისი უნდა დაიყოს ათ რაიონად და მათი გამგებლები ხალხმა პირდაპირი წესით აირჩიოს.
ხოშტარიას განცხადებით, ასევე პირდაპირი წესით აირჩევენ რაიონის ადგილობრივ საბჭოს, ხოლო ქონების გადასახადი და ადგილობრივი მოსაკრებლები რაიონებს დარჩება.
„რეფორმის შედეგად, მაგალითად, ვაკის რაიონის ბიუჯეტი გაორმაგდება და ნაცვლად 19 მილიონისა, 40 მილიონი გახდება, ხოლო ბიუჯეტის განკარგვის პროცესში გადაწყვეტილებებზე ადგილობრივი მოსახლეობის გავლენა იზრდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებები მოისმინა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერება მომავალ პარლამენტში მისი პრიორიტეტი იქნება.