ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას.
ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს.
სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რვა მილიონი დოლარი რუსული დაფინანსება მიიღო.
„ღირსეული, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით. როგორც იმ მუხლით, რომ დაფინანსება უცხო ქვეყნიდან, მით უმეტეს ოკუპანტიდან, არის დანაშაული, ასევე შესაძლო შპიონაჟი, ზოგადად საქართველოს ინტერესების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები წინასაარჩევნოდ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში „პატრიოტთა ალიანსთან“. გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.