ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს
ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს.
როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი პოზიციები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
„ევროპული საქართველო“ არის გუნდი, სადაც პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ამიტომ, პირველი რაც მინდა, ვთქვა, არის მადლობა. ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლაში, ამიტომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები, ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რასაც დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.