ელენე ხოშტარია - ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ბევრად უფრო მომზადებულნი და კოორდინირებულნი ვართ
რამდენიმე საათი გვაშორებს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩაიწერება ქვეყნის ისტორიაში, როგორც მნიშვნელოვანი გარდატეხის დღე და ქართული საზოგადოება გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მოუტანს ქვეყანას კეთილდღეობას, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ხმების დასაცავად მზად არის.
„ჩვენ ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ბევრად უფრო მომზადებულნი და კოორდინირებულები ვართ. ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ინტენსიურად ხმების დასაცავად. ასევე, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში ჩამოსულია ბევრი სადამკვირვებლო დელეგაცია და უბნებზე იქნება ბევრად მეტი დამკვირვებელი, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. ასევე, ჩამოსული არიან ძალიან მაღალი დონის დელეგაციები, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს დემოკრატიას. ხმების დაცვის ყველაზე მაღალი გარანტია არის არჩევნებზე მისული თითოეული მოქალაქე. ზოგმა შეიძლება იფიქროს, მე რომ არ წავიდე რა შეიცვლება, ერთი ხმა არაფერს ცვლის, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითო ხმა არის თითო გართულება, რომ „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი როლი აქვს ხმების დაცვაში.
ამასთან, ხოშტარია მოქალაქეებს ხმების დაცვისთვის ექვს რჩევას აძლევს.
„ექვსი რჩევა არის ჩვენგან, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების მონაწილეობას ხმების დაცვაში, რომელიც დაგვიცავს კარუსელისგან და სხვადასხვა მანიპულაციისგან. როდესაც მიხვალთ რეგისტრატორთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს ზუსტად გვარის გასწვრივ, რადგან რეგისტრატორები ხშირად მანიპულირებენ და სხვაგან გაწერინებენ ხელს, ამას იყენებენ კარუსელისთვის. მეორე რჩევა არის, რომ ყურადღება მიაქციეთ, ბიულეტენი არ იყოს დაზიანებული, თუ დაზიანებულია, აუცილებლად მოითხოვეთ სხვა, რადგან სპეციალურად რეგისტრატორები აზიანებენ, რომ მერე ბათილად ცნონ ეს ხმა. წინა არჩევნებზე ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც სპეციალურად დაზიანებული ბიულეტენები ოპოზიციის სასარგებლოდ იყო ბათილად ცნობილი და ხმები დაიკარგა. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ როდესაც ბიულეტენს იღებთ ამ ბიულეტენზე რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭედი“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ხშირად რეგისტრატორი ხელმოწერას არ აკეთებს ან ბეჭედს არ არტყამს, რომ ბიულეტენი გაბათილდეს.
„კიდევ ერთი საკითხი არის ე.წ „მეტკა“, თქვენ როდესაც ხელს აწერთ მიაქციეთ ყურადღება, რომ არსად იყოს მონიშნული რამე ადგილი. თუ მსგავსი დაინახეთ შეიძლება იყოს წერტილი ან ჯვარი, მიმართეთ ოპოზიციური პარტიიდან დამკვირვებლებს და ისინი მიაქცევენ ყურადღებას. ისინი ნიშნავენ ხოლმე, რომ კარუსელისთვის გამოიყენონ, დააკვირდით კარგად სამაგიდო სიებს. ამომრჩევლები ხან ლექსებს წერენ და რამდენიმეს ხაზავენ ხოლმე ბიულეტენზე, ეცადეთ ლექსი ფეისბუქზე დაგვიწეროთ, გინდა სალანძღავი და გინდა საქებარი, ეცადეთ ბიულეტენზე მკაფიოდ შემოხაზოთ, რომ არ იყოს სადაო ეს გამოხატავს თუ არა ნებას. კარგად შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი. მეექვსე რჩევა, როცა ბიულეტენს კონვერტში ჩადებთ კარგად დახურეთ, რადგან თუ გადმოვარდება მსგავსი ბიულეტენიც ითვლება ბათილად. ჩვენ გვყავს დამკვირვებლების ჯარი, ოპოზიცია ვართ ერთიანი. 2 ოქტომბრის საღამოს ყველამ უნდა დავიცვათ ხმები და ყველამ ვიზეიმოთ გამარჯვება და სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის დაიწყოს პროცესის მომზადება“, – განაცხადა ხოშტარიამ.