ელენე ხოშტარია - წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ვჩერდებით თსუ-თან, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას
წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები დარჩებიან თსუ-თან და ღამეს გაათევენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ ძალადობრივი გეგმებით სიარულს, ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ამიტომ აქ ვჩერდებით, თსუ-თან, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას. ასე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია, ჩვენ ახლა აქ ყველაფერს მოვაწყობთ, ეს არ არის ქაოტური პროცესი, ეს არის დაგეგმილი პროცესი, ამას სჭირდება ელემენტარული შემართება, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს ან პარტიას. ხვალ ევროპაში იკრიბებიან და უნდა ისაუბრონ საქართველოზე, რა უნდა ისაუბრონ, რომ დაეზარა ქართველ ხალხს გარეთ გამოსვლა? არა და არასდროს. ქართველი ხალხი არის გარეთ და ანახებს ევროპას, რომ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, ეს არ არის ერთადერთი მოქმედება, კიდევ იქნება ნაბიჯები, რომლებსაც შეგატყობინებთ, მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ აქ განვლაგდებით და 24 საათი არ ვიცვლით ფეხს. ჩვენ ვიდგებით 24 საათი აქ, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, დანარჩენს შეგატყობინებთ ყველაფერს“, – განაცხადა ხოშტარიამ.