ელენე ხოშტარია - თუ ყველა მოვა არჩევნებზე, ხალხის ნების წინააღმდეგ ვერანაირი მანიპულაცია ვერ წავა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს, ყველა წავიდეს არჩევნებზე რადგან ეს არის დღე, როცა შეგიძლიათ პასუხი გასცეთ უსამართლობას.
რაც შეეხება დარღვევებს, უბნების შიგნით მასიურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაისურებით დადიან, რაც დარღვევაა. რაც ყველაზე სასაცილოა, ამას აკეთებენ არასამთავრობოს ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია „ობსერვატორია“, რომელიც ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხალხია. ეს მეტყველებს მათ შიშსა და სისუსტეზე. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მსგავსი აგიტაცია. ასევე, მთელ რიგ უბნებზე წილისყრის გარეშე მოხდა ფუნქციების განაწილება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
დეპუტატის თქმით, თუ ყველა მივა არჩევნებზე, ხალხის ნების წინააღმდეგ ვერანაირი მანიპულაცია ვერ წავა.
„რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, თუ ყველა მოვა არჩევნებზე, ვერანაირი მანიპულაცია ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა და ჩვენ მშვიდობიანად მივიღებთ შედეგს რომელსაც გადაწყვეტს საზოგადოება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.