ელენე ხოშტარია - სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ამიტომ შიმშილობის შეწყვეტას არც კი განვიხილავ, შიმშილობას ვაგრძელებ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, შიმშილობას ვაგრძელებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, რომლისთვისაც ადამიანი არაფერს წარმოადგენს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გუშინ ვიხილეთ საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული აბსოლუტურად ველური, სასტიკი შურისძიების აქტის შესახებ. ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, რადგან ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. სასაცილოა დღეს ლაპარაკი, რომ ისინი არღვევენ კანონს. მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ კანონი დაიცვან, ამას ღიად გვეუბნებიან, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დიდი სისასტიკით გაკეთებული და ეს სისასტიკე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ. შეიძლება, ყველა დღეს ვერ იაზრებს, რომ ეს მას ეხება. შეიძლება, ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო პირიქით ჰგონია, რომ რაღაცნაირად არ ეხებათ ეს ემოცია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს არ წარმოადგენს ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს გაგიკეთებს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს კამერიდან, იქ მოსაცდელში იმყოფებოდნენ მისი დედა და მისი შვილები. არ ვიცი, ვის მიმართ შეიძლება, მსგავსი საქციელი გააკეთო. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის ნაცემი. ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს იქ და რა თქმა უნდა, გლდანში გადაყვანა იყო გარდა მისი შეურაცხყოფისა, ასევე გამოწვევა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ყველა ადამიანის პროტესტის და მათ უნდათ, რომ ჩვენ პროვოკაციაზე გამოგვიწვიონ. ეს ვითარება არ არის სიურპრიზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასე იქცევა და ასე მოიქცეოდა, გვქონდა. არ ვაპირებთ წუწუნს, არ ვაპირებთ უბრალოდ რაღაც ვაივიშს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის ძალიან მტკიცედ გაგრძელებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიას თქმით, არ აპირებს დანებებას და აღნიშნა, რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, იმ შემთხვევაში მიიღებს გარკვეულ მედიკამენტებს.
„რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას – მე ვთქვი თავიდანვე, რომ მე ვიშიმშილებ, სანამ მისი სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას. ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, მე არ ვაპირებ არც ბრძოლის შეწყვეტას. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით და ეს გამარჯვება, კიდევ ერთხელ, შეიძლება არ ესმის, რომ სჭირდება ყველა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ჩვენ თუ ამ ბრძოლაში არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველა საქართველოს მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას ნამდვილად არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.