ელენე ხოშტარია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დადო პირობა, რომ ჩვენი ამოცანა არ არის რაიმე სახის დესტაბილიზაცია
ელენე ხოშტარია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დადო პირობა, რომ ჩვენი ამოცანა არ არის რაიმე სახის დესტაბილიზაცია

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი განცხადება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო თანამეგობრობის და საზოგადოების წინაშე დადო პირობა, რომ ოპოზიციის ამოცანა არ არის რაიმე სახის დესტაბილიზაცია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ვხედავთ, ხელისუფლება მუდმივად სპეკულირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას დესტაბილიზაცია აქვს დაგეგმილი და პირიქით ხდება. პირველი მაგალითი, რომ ოპოზიციას არანაირი დესტაბილიზაცია არ უნდა და იბრძვის მტკიცედ, მაგრამ მშვიდობიანად, იყო გლდანის ციხეში. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მაშინ, როდესაც კოლონები იყო მცხეთასთან, ეს იყო პირდაპირ დაგდებული ლიმონკა, რათა უბრალოდ სიტუაცია აგვეფეთქებინა და ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ ქნა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულ განცხადებას აკეთებს, რომ მოხსნას ყველანაირი კითხვები, რომელიც ისედაც არ არსებობს და „ქართული ოცნების“ სპეკულაციაა. დადო პირობა საერთაშორისო თანამეგობრობის და საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენი ამოცანა არის არა რაიმე სახის დესტაბილიზაცია და ხელის შეშლა, არამედ ამ სიცოცხლის საფრთხის მოცილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.