ელენე ხოშტარია - მსჯელობა იყო, რა სახით შევგებებოდით ვითომ მეორე ტურს, ამ დღის შესაფერისი არის სრული იგნორი
მსჯელობა იყო, რა სახით შევგებებოდით ვითომ არჩევნებს და რეალურად, გაყალბების პროცესს, რომელსაც მეორე ტურს ეძახიან. ამ დღის შესაფერისი და ყველაზე ადეკვატური არის სრული იგნორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა არა გამოსავალი, არამედ გაყალბების დაკანონება იქნება, რაც ქვეყანას დააზიანებს.
„ოპოზიცია რეგულარული აქციების რეჟიმშია. ცოტა ხნის წინ მასშტაბური აქცია გვქონდა. მსჯელობა იყო, რა სახით შევგებებოდით ვითომ არჩევნებს და რეალურად, გაყალბების პროცესს, რომელსაც მეორე ტურს ეძახიან. ამ დღის შესაფერისი და ყველაზე ადეკვატური არის სრული იგნორი. შეიძლება ცალკეულმა ჯგუფებმა რამე გააკეთონ, მაგრამ მთლიანობაში, ოპოზიცია ამ პროცესს აიგნორებს.
გამოსავალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, რადგან აქამდე ვხედავთ, შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებსა და საქციელს, რიტორიკას. მოთხოვნები მაგიდაზე, რომელიც არის ადეკვატური, ლეგიტიმური. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც საუბრობენ, რომ პარლამენტში შესვლაა მთავარი, საუბრობენ არჩევნების ფატალურ გაყალბებაზე. ამ პარლამენტში შესვლა არ იქნება არც გამოსავალი, პარლამენტარიზმი, ეს იქნება გაყალბების დაკანონება გრძელვადიანი პერსპექტივით და დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე, იმის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ერთიანობაში რამე ბზარია და ვინმე პარლამენტში შესვლას აპირებს, ოპოზიცია მყარია. „ქართული ოცნების“ ამოცანა და მცდელობაა, რომ თითქოს, რაღაცა ხდება, იტყუებიან, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო. მეორე ტურში ნახავენ, რომ არავინ მონაწილეობას არ იღებს. იმასაც იტყუებიან, რომ ვიღაც ცალკე შევა. ეს მოცემულობა დღეს არ არსებობს. ერთიანობით იმას უნდა მივაღწიოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.