ელენე ხოშტარია - მერიამ დღეს დილით მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები
მოვითხოვთ, მერიამ დააბრუნოს ჯებირები და სცენა, ასეთი წვრილმანი ხელის შეშლის მეთოდებით უკვე ვერაფერს მიაღწევთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მერიამ დღეს დილით ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და ჯებირები მოპარა.
ხოშტარიას განცხადებით, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა.
„მიხვდნენ, რომ ვერ ჩაახშობენ ამ მშვიდობიან პროტესტს. მერიამ, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო აქედან ჯებირები. მოვითხოვთ, მერიამ დააბრუნოს ჯებირები და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლის მეთოდებით უკვე ვერაფერს ვერ მიაღწევთ, მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს და ეს არის სასაცილო, როცა ამას უპირისპირებთ ამ პროტესტს.
ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულებაც მერიას აქვს, მათ არ აწყობთ, რადგან ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ არიონ სიტუაცია. ჩვენ გუშინ არაერთი პროვოკატორი გამოვავლინეთ, რუსთავის, რაჭის, თბილისის ახალგაზრდული „ქართული ოცნების“ ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ყველაფერს ცდილობდნენ, ჩხუბზე გადადიოდნენ იმისთვის, რომ სცენასთან ახლოს მისულიყვნენ. არაფერი გამოგივათ გარდა იმისა, რომ ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. დააბრუნეთ ადამიანების და ჟურნალისტების კუთვნილი სცენა. ჩვენი სტრატეგია არის მშვიდობიანი, პერმანენტული, მტკიცე პროტესტი. ამიტომ სახეს ნუ დაკარგავთ, ნუ აკანკალდებით და ქურდობაზე ნუ გადახვალთ თქვენს მოსახლეობასთან“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს „თბილსერვის ჯგუფში“. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, გახმოვანების აპარატურა კი ჯგუფს ადგილზე არ დახვედრია.