ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილი ვიდრე არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, შიმშილობას არ ვწყვეტ
ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილი ვიდრე არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, შიმშილობას არ ვწყვეტ

მიხეილ სააკაშვილი ვიდრე არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, მე რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შიმშილობის შეწყვეტის საკითხზე იყო მნიშვნელოვანი და გონივრული.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, ყველა იმ ადამინს, ვინც იბრძვის ქუჩაში დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, აწყობს პირდაპირ ღია პროვოკაციებს. ჩვენი, ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, ეს არის ზუსტად ის, რასაც ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებას არ უნდა გავყვეთ „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება, მის გადაწყვეტილებას სტრასბურგის ძალიან მნიშვნელოვან ჩართვასთან დაკავშირებით, ამ პროცესში ესეც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. დილით ვსაუბრობდი სტრასბურგის გადაწყვეტილებამ შექმნა ყველასთვის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ ამ უმწვავესი კრიზის ფაზიდან მეტნაკლებად ზიანის გარეშე, ზიანი უკვე მიყენებულია, მაგრამ გამოვიდეთ ნაკლები ზიანით ამ სიტუაციიდან. მიხეილ სააკაშვილმა ეს სიტუაცია გამოიყენა, მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული დათქმით, ეს არის სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და მეც ალბათ ასე მოვიქცეოდი, ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, მძიმე საყურებელი, არასასიამოვნო პროცესი, ამას მე ვგრძნობ. ამას ძალიან ვუფრთხილდები, ეს მე ნამდვილად ძალიან მანაღვლებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, შიმშილობის გადაწყვეტილება არ მიუღია ვინმეს მითითებით, გადწყვეტილება მიიღო კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.

„დღეს კიდევ ერთხელ ძალიან კონკრეტული, გარემოებებით სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით „ქართულ ოცნების“ ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის, დღესვე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზიციის შესაბამისად. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.