ელენე ხოშტარია - ხელისუფლება ცდილობს გიორგი გახარიას გამოძვრენას სიტუაციიდან, მაგრამ მისი დასჯა გარდაუვალია
ხელისუფლება ცდილობს არა მხოლოდ გიორგი გახარიას გამოძვრენას ამ სიტუაციიდან, არამედ სამწუხაროდ კიდე უფრო მძიმე დანაშაულს სჩადის, როდესაც გავრილოვთან და რუსეთთან სინქრონში საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას დასჯა გარდაუვალია.
„ჯერ კიდევ 21 რიცხვში გავრილოვმა თქვა, რომ ეს პროტესტი იყო სახელმწიფო გადატრიალება და უბრალოდ სამარცხვინოა. საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე და გარდა ამისა, ცდილობენ, სრულიად გაექცნენ პასუხისმგებლობას იმ დათხრილ თვალებსა და დასახიჩრებულ ადამიანებზე. ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ დღეს საქართველოს განვითარების ვექტორს განსაზღვრავენ ის ადამიანები, რომლებიც დგანან აქ და არა ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა ეგონოს, რომ ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს ხელში. ეს ძალიან კარგად ანახა ამ პროტესტმა, პროპორციულის გამოგლეჯვამ მათი ხელიდან, კობახიძის დასჯამ და გახარიას დასჯაც აბსოლუტურად გარდაუვალია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.